fbpx

კომპანიის მომხმარებელი უფლებამოსილია გამოთქვას უკმაყოფილება სადაზღვევო მომსახურებასთან დაკავშირებით, მათ შორის კომპანიისგან შესაბამისი ინფორმაციის მიწოდების/მიუწოდებლობის, არასათანადო კონსულტაციის, არასწორი ინფორმაციის თუ სხვა ხარვეზის შესახებ როგორც ზეპირი ისე წერილობითი ფორმით.

ზეპირი სახით მომხმარებელმა პრეტენზია შეიძლება წარუდგინოს კომპანიას როგორც იურიდიულ მისამართზე, ისე კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე – (+995 32) 2 24 44 34. წერილობითი სახის პრეტენზია კომპანიას წარედგინება იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, ანა კალანდაძის ქ. N4, მიეწოდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@kamara.ge , ან ვებგვერდზე განთავსებული პრეტენზიის განხილვის ფორმის შევსების და გამოგზავნის საფუძველზე.

იმ შემთხვევაში თუ პრეტენზიის განაცხადში მომხმარებელი მიუთითებს, რომ სადაზღვევო კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარება სურს მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, კომპანია უფლებამოსილია ელ-ფოსტის მისამართზე გააგზავნოს პრეტენზიის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. სხვა შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მომხმარებლისთვის ჩაბარებას იმ ფორმით, რა ფორმითაც პრეტენზია იქნა წარდგენილი კომპანიისთვის.

კომპანიის წინაშე წაყენებული უკმაყოფილების პრეტენზიად დაკვალიფიცირებას, მის განხილვასა და შესაბამის გადაწყვეტილების გამოტანას ახორციელებს სს „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარას“ იურიდიული სამსახური.

იურიდიული სამსახური პრეტენზიის განაცხადის ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში წინამდებარე პროცედურის მიხედვით განიხილავს მომხმარებლის მიერ წარმოდგენილ პრეტენზიას, მოამზადებს შესაბამის მოტივირებულ გადაწყვეტილებას და მიაწოდებს პრეტენზიის მქონე მომხმარებელს.

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებული დაზღვევასთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვა ხორციელდება ააიპ „დაზღვევის სავალდებულო ცენტრის“ მიერ დამტკიცებული „მომხმარებლის პრეტენზიის განხილვის პროცედურების“ შესაბამისად.

ზემოაღნიშნული ცენტრის ინსტრუქციის მიხედვით ცენტრის/მზღვეველის მიერ პრეტენზიის განხილვისა და მომხმარებლისათვის პასუხის გაცემის მაქსიმალურ ვადად განსაზღვრულია შესაბამისი დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენიდან არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღე.